ავტორიზაცია
კარტოგრაფიის როლი სასკოლო გეოგრაფიის სწავლებაში, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით (საქართველოს მაგალითზე)
ავტორი: საბა მოდებაძეთანაავტორები: დემეტრე მოდებაძე
საკვანძო სიტყვები: კარტოგრაფია, რუკა, გოინფორმაციული ტექნოლოგიები, სასკოლო გეოგრაფია
ანოტაცია:
ეპოქა, რომელშიც ვიმყოფებით, მუდმივად სიახლეებით, გამოწვევებით, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით არის აღსავსე. ყველა სამეცნიერო თუ არასამეცნიერო სფერო, ფეხს უწყობს არსებულ გამოწვევებს. განვითარება იძულებულს გვხდის თვალი გავუსწოროთ არსებულ რეალობას და დავნერგოთ იმგვარი მიდგომები, რომლებიც ჯერ აქამდე არ ყოფილა. მიდგომები, რომელიც დაეფუძნება აქამდე არსებულ გამოცდილებას და იმ ნოყიერ ნიადაგს, რომელზეც ახლის აღმოცენება უნდა დაიწყოს. დღევანდელობას, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ „სივრცითი ინფორმაციის ხანა“. სულ რამდენიმე წლის უკან, არავის წარმოედგინა, რომ ძალიან მალე სამომხმარებლო სფერო სრულად დამოკიდებული გახდებოდა ელექტრონულ სისტემებზე. ციფრული ტექნოლოგიები იქცა ნებისმიერი ადამიანის საჭიროებების, სურვილებისა თუ გამოწვევების მთავარ დამხმარე საშუალებად. 20-30 წლის უკან არარეალურადაც კი მოჩანდა პერსპექტივა იმასთან დაკავშირებით, რომ კარტოგრაფია უდიდესი მოთამაშე იქნებოდა ნებისმიერი დარგისა თუ სფეროსთვის. დღეს ჩვენი რეალობა შემდეგია, სივრცითი ინფორმაციის ვიზუალიზაციის მთავარი მეთოდი რუკაა. ის რუკა, რომელიც ობიექტური რეალობის სუბიექტური ანასახია. რუკა, რომელიც თანამედროვე GIS ტექნოლოგიების საშუალებით ინტეგრირდა ყველა სამომხმარებლო თუ არასამომხმარებლო სფეროში და ის ციფრული სამყაროს განუყოფელ ელემენტად მოგვევლინა. კარტოგრაფია და GIS განათლება უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალური რესურსია. საქართველოს მაგალითის გათვალისწინებით, ქვეყანამ, რომელმაც უდიდისი როლი ითამაშა მსოფლიო ასპარეზზე ამ მიმართულებით. ქვეყანა, რომელსაც ჰყავდა ისეთი სახელგანთქმული მეცნიერები, როგორებიც იყვნენ: ვახუშტი ბაგრატიონი, ალექსანდრე ასლანიკაშვილი, ნიკო ბერუჩაშვილი, ყოველივე ამის ფონზე დარგი საკმაოდ მოშიშვლებულია ახალგაზრდა მეცნიერებისგან. ქვეყანა განიცდის ახალი კადრების დაინტერესების სიმცირით გამოწვეულ სირთულეებს. სასკოლო განათლებაში არ ხდება გეოგრაფიის და უფრო მეტად კარტოგრაფიის იმგვარი მიწოდება, რომ მოსწავლეს გაუჩნდეს ინტერესი, აღმოაჩინოს წარმოუდგენელი მასშტაბის მქონე სფერო, რომელსაც აქვს უდიდესი პერსპექტივა. სასკოლო სივრცეში მიღებული პრაქტიკისა და სასკოლო სახელმძღვანელოების შესწავლის საფუძველზე, მოსწავლეთა და მასწავლებელთა კვლევის გათვალისწინებით, აღმოჩენილი პრობლემების სათავე არის თანამედროვეობასთან ვერ ადაპტირებული სწავლების მეთოდიკა, მიდგომები და სასწალო სილაბუსი, რომელიც მხოლოდ თეორიულ სწავლა-სწავლებას ეფუძნება. სასკოლო გეოგრაფია მოკლებულია პრაქტიკული მიდგომების ინტეგრირებას, მითუფრო კი, მასში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. სასკოლო საგანმანათლებლო სისტემა გამონთავისუფლებულია პროფორიენტაციის კომპონენტისგან. მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ კარტოგრაფის პროფესიის მრავალფეროვანი ცხოვრების, სამუშაოსა თუ პერსპექტივების შესახებ. ჩატარებული კვლევებით დასტურდებამ, რომ ყოველწლიურად მცირდება საბაკალავრო საფეხურზე მოსულ დაინტერესებულ ახალგაზრდათა რაოდენობა. არასახარბიელოა, მათი სასკოლო აკადემიური მოსწრება, ნაჩვენები შედეგები უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე. ჩატარებული დაკვირვებებისა/კვლევების გათვალისწინებით, გაეცნობით სრულყოფილ სურათს, კარტოგრაფიისა და GIS განათლებაში არსებული ხარვეზებისა და მისი გამოსწორების მექანიზმების შესახებ.
მიმაგრებული ფაილები:
The role of cartography in the teaching of school geography, taking into account modern trends (on the example of Georgia) [en]კარტოგრაფიის როლი სასკოლო გეოგრაფიის სწავლებაში, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით (საქართველოს მაგალითზე) [ka]