ka | en
TSU

ნიკოტინის პროტექტორული ეფექტის შესწავლა ნეირონების MPTP-ით  ინდუცირბულ დაზიანების პროცესზე

ავტორი: ნინო მეტრეველი
საკვანძო სიტყვები: ნიკოტინი, MPTP, პარკინსონის დაავადება
ანოტაცია:

პარკინსონის დაავადება - პროგრესირებადი და ხანგრძლივად მიმდინარე ნეიროდეგენერციული დაავადებაა, რომლის პირველად ნიშანს წარმოადგენს დოფამინერგული ნეირონების მასიური დაკარგვა თავის ტვინის შავი სუბსტანციის კომპაქტურ ნაწილში და ცილა სინუკლეინის აგრეგატებისგან ე.წ. ლევის სხეულების წარმოქმნა. დაავადების მკურნალობის ძირითად მიდგომას წარმოადგენს დოფამინის რაოდენობის გაზრდა მისი წინამორბედის - ლევოდოფას მიღებით ან დოფამინის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების ინჰიბირება, რისთვისაც გამოიყენება ფერმენტ მონოამინოოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორები. მკურნალობის შედარებით მოძველებულ მიდგომას წარმოადგენს აცეტილქოლინის მუსკარინული რეცეპტორების ანტაგონისტებისა დაგლუტამატის N-მეთილ-D-ასპარაგინის მჟავას (NMDA) რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენებაც. თუმცა ასეთი მიდგომები იძლევიან მხოლოდ სიმპტომატურ ეფექტებს. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ თამბაქოს მოხმარება დაკავშირებულია პარკინსონის დაავადების განვითარების რისკის შემცირებასა და განვითარების შემთხვევაში მისი მიმდინარეობის შედარებით მსუბუქი ფორმის არსებობასთან. ასევე ნანახი იქნა, რომ დაავადების მქონე მწეველ პაციენტებში ნაკლებად შეიმჩნეოდა მოტორული ცვლილებები. ამ კვლევებზე დაყრდნობით, გამოითქვა ვარაუდი, რომ სიგარეტის მოწევა ხელს უშლის პარკინსონის დაავადების წარმოქმნასა და მის განვითარებას. თამბაქოს ნეიროპროტექტორული მოქმედება გვაფიქრებინებს, რომ ეს ეფექტი დაკავშირებულია მის შემადგენლობაში მყოფ მთავარ ალკალოიდ - ნიკოტინთან, რომელიც ავლენდა დადებით ეფექტებს როგორც უჯრედულ, ასევე ცხოველურ მოდელებში . თუმცა ნიკოტინის ეფექტი ამ დაავადების მკურნალობის პროცესში ფაქტიურად შეუსწავლელია. ყოველივე ამის გათვლისწინებით იკვეთება, რომ ნიკოტინის გამოყენება პარკინსონის დაავადების მკურნალობის პროცესში ერთ-ერთი მაღალპოტენციური მიდგომაა, თუმცა მისი ფარმაკოლოგიური პოტენციალის შეფასებისათვის, უპირველესად აუცილებელია მისი ნეიროპროტექტორული ეფექტების ახსნა და მოლეკულური მექანიზმების შესწავლა, რათა დადგინდეს თუ რა გზით ახდენს ნიკოტინი პარკინსონის დაავადების განვითარების რისკის შემცირებას და ასევე დაავადების მიმდინარეობის შემსუბუქებას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com