ავტორიზაცია

პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან ასოცირებული შიშის მეხსიერების ფორმირებაში ჩართული ზოგიერთი გენის ექსპრესიის დონის შესწავლა პჯრ მეთოდით
ავტორი: თამაზი გიუნაშვილისაკვანძო სიტყვები: პტსა, გენების ექსპრესია, მეხსიერება, მ-რნმ, პჯრ, თაგვი
ანოტაცია:
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) ვითარდება ინდივიდებში გარკვეული სახის სტრესის, შოკის, სექსუალური ძალადობის, ომის ან/და სხვა სიცოცხლისათვის საშიში ინციდენტების შედეგად. ზოგადად სტრესი და ტრავმა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. იზრდება სტრესთან და ტრავმასთან ასოცირებული დაავადებების განვითარების რისკები. თავის ტვინის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან სტრესისა და ტრავმის პასუხში, ამიგდალა და ჰიპოკამპი წარმოადგენს კვლევის მთავარ ობიექტს. ნაშრომი ფოკუსირებულია გლუტამატერგული და გაბაერგული სისტემების მოქმედებაზე, თაგვის თავის ტვინის გარკვეულ უბნებში - ამიგდალასა და ჰიპოკამპში სპეციფიკური გენების ექსპრესიის შესწავლით, RT-qPCR-ის მეთოდის გამოყენებით, შიშის მეხსიერების კონტექსტში. RT-qPCR მეთოდის გამოყენებით შეფასდა 5 ვალიდური რეფერენს გენი, mRNA ტრანსკრიპტის პროფილების დასადგენად - HPRT, B2m, Tbp, Pol2a, 18S, როგორც ნორმალიზების ფაქტორები, და 4 განსხვავებული სამიზნე გენი SHANK1, HOMER1, GRM5 და FKBP5, რომლებიც მონაწილეობენ პტსა-ს პათოფიზიოლოგიაში. კვლევის შედეგებმა გამოავლინა Grm5-ის (მეტაბოტროპული გლუტამატის რეცეპტორის 5 კოდირებადი, mGluR5) და Shank1 (SH3/ანკირინის დომენის გენი-1) გენების ექსპრესიის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება PTSD-თან ასოცირებული შიშის მეხსიერების დროს თავის ტვინის ჰიპოკამპის უბანში. ნორმალური შიშის მეხსიერების ჯგუფში, კონტროლ ჯგუფთან შედარებით, აღინიშნა გენის ექსპრესიის გაზრდის ტენდენცია. იგივე ტენდენცია დაფიქსირდა დანარჩენ გენებზე: Fkbp5 (FK506 დამაკავშირებელი ცილა-5) და Homer1 (ჰომერის ჰომოლოგი-1). სტატისტიკურად სარწმუნო ცვლილებები Shank1 და Homer1 გენების ექსპრესიაში გამოვლინდა თავის ტვინის ამიგდალას უბანში. საკვლევი გენების პროდუქტები ამგზნები სინაფსების გადამწყვეტი კომპონენტებია და მათი გამოხატვის დონის ცვლილებები შეიძლება იყოს მოლეკულური მარკერი გაძლიერებული/დაქვეითებული სინაფსური კავშირებისთვის. ასევე, ჩვენმა კვლევამ გამოავლინა გარკვეული განსხვავებები ნორმალურ და PTSD-სთან დაკავშირებულ შიშის მოგონებებს შორის ორგანიზაციის განსხვავებულ დონეზე. ექსპერიმენტებმა გამოავლინა, რომ გენები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჰიპოკამპისა და ამიგდალას ნორმალური ფუნქციონირებაში, აჩვენეს განსხვავებული ექსპრესია ნორმალური და პათოლოგიური შიშის (PTSD ასოცირებული) მეხსიერებაში. ექსპერიმენტების შედეგად დასტურდება რომ ამ გენებში ექსპრესიის ხარისხი მომატებულია ნორმალური შიშის მეხსიერების ჯგუფებში, ხოლო დაქვეითებულია პათოლოგიური შიშის კონდიცირებისას.