ka | en
TSU

მაღალცხიმოვანი დიეტითა და სტრეპტოზოტოცინით გამოწვეული ღვიძლის პათოლოგიის დროს ბუნებრივი ბიოაქტიური პოლიფენოლური ნაერთების ზეგავლენის შესწავლა ვირთაგვებში

ავტორი: მარიამ გოგიბერიძე
თანაავტორები: ეკატერინა ფიფია, შალვა დოროყაშვილი, გურამ მანჯავიძე, მერაბ სეფაშვილი, ზურაბ ქუჩუკაშვილი
საკვანძო სიტყვები: სტრეპტოზოტოცინი, მაღალცხიმოვანი დიეტა, ღვიძლის პათოლოგიური მოდელი, პოლიფენოლური ნაერთები, ალტ/ასტ, ქოლესტეროლი, ტრიგლიცერიდები
ანოტაცია:

მეტაბოლურ სინდრომთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება წარმოადგენს გლობალური ჯანმრთელობის პრობლემას, რომლის მაჩვენებლებიც ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 90-იან წლებში დაავადების მაჩვენებელი შეადგენდა მსოფლიოს მოსახლეობის 18.2%-ს, ხოლო 2020-2024 წლისათვის შეადგენს 40%-ს, დაახლოებით 10 წელიწადში კი მისმა მაჩვენებელმა შესაძლოა გადააჭარბოს მსოფლიოს მოსახლეობის 50%-ს. დღესდღეობით, არ არსებობს ზუსტი ცნობები მეტაბოლური დარღვევების სრული სპექტრისა, რომელიც მონაწილეობს დაავადების პათოგენეზში. ამასთანავე, არ არსებობს დაავადების პირდაპირი სამკურნალო ფარმაკოლოგიური საშუალება ვინაიდან, აღნიშნული პათოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებულია ზეჟანგურ ჟანგვასთან, მისი სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების ძიება მიმართულია ანტიოქსიდანტური ნაერთების შესწავლისკენ, მათ შორის პოლიფენოლებისა, ზემოთ ხსენებულ პათოლოგიასთან მიმართებაში. მაშასადამე, ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა მაღალცხიმოვანი დიეტით და სტრეპტოზოტოცინით გამოწვეული ღვიძლის პათოლოგიისას ორგანოსპეციფიკურ ფუნქციურ მარკერებზე პოლიფენოლური ნაერთების ზეგავლენის შესწავლა მოდელურ ცხოველურ ორგანიზმებში. ცხოველებზე კვლევა ხორციელდებოდა ეთიკური ნორმების დაცვით, იგი შედგებოდა რამდენიმე ეტაპისგან: საწყის ეტაპზე სტრეპტოზოტოცინით და მაღალცხიმოვანი დიეტით მივიღეთ პათოლოგიის მოდელი ლაბორატორიულ ვირთაგვებში, დავადასტურეთ შესაბამისი მარკერების გამოყენებით პათოლოგიის ჩამოყალიბება. შემდეგ მოვახდინეთ პოლიფენოლური ნაერთების ინიექცია აღნიშნულ ექსპერიმენტულ მოდელებში. კერძოდ, მათში შეყვანილი იქნა ღვინის და წიპწის ზეთის წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენებიდან - „წიპწის შროტიდან“ ჩვენს მიერ ექსტრაგირებული პოლიფენოლური ფრაქცია და ქიმიურად სუფთა კვერცეტინი. საბოლოო ეტაპზე კი შევისწავლეთ პოლიფენოლური ნაერთებისა და კვერცეტინის ანტიოქსიდანტური თვისებები პლაზმაში შესაბამისი ბიოქიმიური მარკერების (ალტ, ასტ, ქოლესტეროლი, ტრიგლიცერიდების) განსაზღვრით. მიღებულმა შედეგებმა დაადასტურა, ვირთაგვებში მაღალცხიმოვანი დიეტითა და სტრეპტოზოტოცინით გამოწვეული ღვიძლის პათოლოგიის დროს კვერცეტინისა და პოლიფენოლური ფრაქციის ზემოქმედების შედეგად პლაზმაში ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაცია უბრუნდება საწყისს ფიზიოლოგიურ დონეს, განსხვავებით ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების ცვლისა. შედეგების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვირთაგვებში მაღალცხიმოვანი დიეტისა და სტრეპტოზოტოცინით მიღებული ღვიძლის პათოლოგიის დროს პოლიფენოლური ნაერთები დადებით ეფექტს ავლენენ ღვიძლის ალტ/ასტ ფარდობის ფუნქციურ მაჩვენებელზე, ხოლო ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების შემთხვევაში, პოლიფენოლების 10 დღიანი ექსპოზიცია ვერ ავლენს ეფექტს მათ ცვლაზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com