ka | en
TSU

E.coli-ს მიმართ ახალი ბაქტერიოფაგის გამოყოფა და დახასიათება

ავტორი: ლანა თურმანიძე
საკვანძო სიტყვები: ბაქტერიოფაგი, ფაგოთერაპია, ანტიბიოტიკური რეზისტენტობა, E.coli
ანოტაცია:

1884 წელს, გერმანელი მიკრობიოლოგის თეოდორ ეშერიხის მიერ აღმოჩენილი სწრაფად მზარდი ბაქტერია Bacterium Coli Commune, დღეს ჩვენთვის E.coli-ს სახელითაა ცნობილი (Escherich, 1988; Shulman et al., 2007; Zimmer, 2008), ამ ბაქტერიით გამოწვეული ინფექციები კი წარმოადგენს გლობალური მასშტაბის პრობლემას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით წელიწადში E.coli ინფექციების 2.8 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება. (Ameer et al., 2022) დიდი ხნის განმავლობაში ბაქტერიებთან ბრძოლის მთავარ იარაღს ანტიბიოტიკები წარმოადგენდა, თუმცა ანტიბიოტიკების არასწორმა და ჭარბმა გამოყენებამ, განსაკუთრებით მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან, პირიქით, ხელი შეუწყო E.coli-ს მდგრადი შტამების განვითარებას. ანტიბიოტიკორეზისტენტობის პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ახალი სამკურნალო საშუალების ძიება. სწორედ აქ ვლინდება ფაგოთერაპიის, როგორც ალტერნატიული თერაპიული საშუალების როლი. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია E.coli-ს მიმართ ახალი ბაქტერიოფაგის გამოყოფა, დახასიათება და მისი შედარება ლაბორატორიის კოლექციაში არსებულ აქტიურ კოლიფაგთან. სამკურნალო ფაგოპრეპარატის დამზადებისთვის აუცილებელია პრეპარატის შემადგენელი თითოეული ფაგის გენეტიკური თუ ბიოლოგიური მახასიათებლების ცოდნა, რათა უზრუნველვყოთ პრეპარატის ფართო მოქმედების დიაპაზონი და ეფექტურობა. ამიტომაც, კვლევის განმავლობაში შევისწავლეთ ბაქტერიოფაგების ისეთი მახაიათებლები, როგორიცაა მათი მორფოლოგია, ტიტრი გრაციას და აპელმანის მეთოდით, მოქმედების ლიზისური სპექტრი, მასპინძელ უჯრედზე ადსორბციის უნარი და სტაბილურობა სხვადასხვა ტემპერატურაზე. მასპინძელი ბაქტერიის იდენტიფიკაცია მოვახდინეთ API სისტემის საშუალებით და შევისწავლეთ მისი ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობა. დავადგინეთ, რომ E.coli 63 მგრძნობიარეა კვლევაში გამოყენებული ხუთივე ანტიბიოტიკის მიმართ. კოლექციიდან შერჩეულ F1 და ჩამდინარე წყლიდან გამოყოფილ vB_E.coli-S1 ფაგებს განსხვავებული ლიზისური სპექტრი გააჩნიათ, უკანასკნელი ხასიათდება მასპინძელი შტამების უფრო ფართე დიაპაზონით. მასპინძელი უჯრედის ზედაპირთან დაკავშირების თვალსაზრისით, ფაგები მცირედ განსხვავდებიან ერთმანეთისგან - ადსორბციის ეფექტურობა 10 წუთში იყო 85% F1, და 80% vB_E.coli-S1 ფაგისთვის. vB_E.coli-S1 ავლენდა სტაბილურობას მაღალ ტემპერატურაზე. მორფოლოგიურად F1 ფაგი Myoviridae-ს ჯგუფის წარმომადგენელია, გამოყოფილი vB_E.coli-S1 კი Podoviridae ჯგუფისა. მიღებული შედეგების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ფაგები ერთმანეთისგან განსხვავებულია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com