ka | en
TSU

ელექტრომაგნიტური დასხივების ზემოქმედების შესწავლა ზოგიერთ მწერზე 2.5-100 GHZ სიხშირულ დიაპაზონში

ავტორი: ცოტნე შენგელია
ანოტაცია:

რადიოსიხშირულმა ელექტრომაგნიტურმა ველებმა (RF-EMFs) შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიოლოგიურ ორგანიზმებზე, რადგან ამ ველების ნაწილი შთაინთქმება მათი სხეულების მიერ და შეიძლება გამოიწვიოს დიელექტრიკული გათბობა. უკაბელო საკომუნიკაციო სისტემებში (5G და მომდევნო) ამჟამად გამოყენებული და მომავალში დაგეგმილი ტალღის სიგრძეები, ახლოს იქნება ზოგიერთი მცირე ზომის ბიოლოგიური ორგანიზმის სხეულის (სხეულის ნაწილების) ზომებთან, რომელთა შორის არიან მწერები. როდესაც ტალღის სიგრძე თანაზომადია ბიოლოგიური ობიექტის ზომის, სიხშირეზე დამოკიდებულმა EMF-ების შთანთქმამ შეიძლება გამოიწვიოს მთლიანი ან ნაწილობრივი სხეულის რეზონანსი. აქედან გამომდინარე, ამ საკითხის შესწავლა მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რადგან მწერები ამტვერიანებენ დედამიწის მცენარეების 80%-ს და წარმოადგენენ ეკოსისტემის და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან ნაწილს. წარმოდგენილი ნაშრომი კომპიუტერული მოდელირებით იკვლევს RF-EMF-ების ზემოქმედებას ზოგიერთ მწერზე (ფუტკარი, კრაზანა, ჩოქელა და ჭიამაია) 2,5 GHz-დან 100 GHz-მდე სიხშირულ დიაპაზონში. ნაშრომი ფოკუსირებულია შთანთქმის კუთრი კოეფიციენტის (SAR) შეფასებაზე მწერების ქსოვილებში (მათ შორის ტვინის ქსოვილში) დროით არეში სასრული განსხვავების (FDTD) მეთოდის გამოყენებით. წარმოდგენილ კვლევაში მწერები დამოდელირებული არიან როგორც ჰეტეროგენული, 3-ქსოვილიანი დიელექტრიკული ობიექტები. კვლევის შედეგად, განსაზღვრულ იქნა მთლიანი სხეულის, ცალკეული ქსოვილის და 1 mg მასის მიხედვით გასაშუალოებული SAR-ის მნიშვნელობები ყველა განხილული სიხშირისთვის და დაცემული ბრტყელი ტალღის 10 სხვადასხვა პოლარიზაციის დროს. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ მწერებში RF-EMF-ების შთანთქმა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სიხშირეზე, პოლარიზაციაზე და მწერების სხეულის ფორმასა და ზომაზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com