ka | en
TSU

ვირთაგვის ღვიძლში სუპეროქსიდდისმუტაზისა და კატალაზის აქტივობის შესწავლა მაღალცხიმოვანი დიეტითა და სტრეპტოზოტოცინით გამოწვეული პათოლოგიის ექსპერიმენტულ მოდელში

ავტორი: ეკატერინე ფიფია
თანაავტორები: შალვა დოროყაშვილი, მარიამ გოგიბერიძე, მერაბი სეფაშვილი, ზურაბ ქუჩუკაშვილი
საკვანძო სიტყვები: MAFLD, სუპეროქსიდდისმუტაზა, კატალაზა, პოლიფენოლები, სტრეპტოზოტოცინი
ანოტაცია:

მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება (MAFLD) წარმოადგენს კომპლექსურ, პროგრესირებად პათოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც, ციროზის სტადიამდე შექცევადი ხასიათის მიუხედავად, აღენიშნება პოპულაციის 38%-ს, რაც ეფექტური თერაპიული მიდგომების არარსებობასთანაა დაკავშირებული. უკანასკნელ წლებში, აქტიურად განიხილება ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე პოლიფენოლური ნაერთების სამკურნალო პოტენციალი დაავადების პათოგენეზში ოქსიდაციური სტრესის როლის შესახებ ცნობების დაგროვების გამო. აღნიშნული კვლევის მიზანია ვირთაგვის ღვიძლში მაღალცხიმოვანი დიეტითა და სტრეპტოზოტოცინით გამოწვეული პათოლოგიის დროს პოლიფენოლური ნაერთების ზემოქმედების ფონზე ზოგიერთი ანტიოქსიდანტური ფერმენტის აქტივობის შესწავლა. მიზნის მისაღწევად ვირთაგვები დავყავით ოთხ ჯგუფად: K1 (საკონტროლო), K2 (პათოლოგიური), P (პათოლოგიური, პოლიფენოლური ფრაქციის ზემოქმედება), Q (პათოლოგიური, ქიმიურად სუფთა კვერცეტინის ზემოქმედება), პათოლოგიის ექსპერიმენტული მოდელის მისაღებად გამოვიყენეთ კომბინირებული მიდგომა (მაღალცხიმოვანი დიეტა და სტრეპტოზოტოცინის (30 მგ/კგ) ორჯერადი ინექცია), შესაბამის საკვლევ ჯგუფებს პოლიფენოლური ნაერთების ინექციათა ათდღიანი სერია გაუკეთდა. სუპეროქსიდდისმუტაზის აქტივობა პათოლოგიურ ჯგუფში (K2) გაზრდილია საკონტროლო ჯგუფთან (K1) შედარებით (α = 0.001, p ≤ α, სურ. 1), რაც, სავარაუდოდ, ჰეპატოციტებში ტრიგლიცერიდების აკუმულაციის შედეგად გაძლიერებული ჟანგვითი პროცესებისა და ჟანგბადის რეაქტიული ფორმების წარმოქმნის შედეგია. P და Q ჯგუფებში ორივე ფერმენტის, სუპეროქსიდდისმუტაზისა (α = 0.001, p ≤ α, სურ. 1) და კატალაზის (α = 0.05, p ≤ α, სურ. 2), აქტივობა შემცირებულია პათოლოგიურ ჯგუფთან (K2) შედარებით, რაც, შესაძლოა, აიხსნას გამოყენებული პოლიფენოლური ნაერთების უშუალო ანტიოქსიდანტური მოქმედებით. შესაბამისად, მაღალცხიმოვანი დიეტითა და სტრეპტოზოტოცინით გამოწვეული ვირთაგვების პათოლოგიის ექსპერიმენტულ მოდელში პოლიფენოლურ ნაერთებს ღვიძლის ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობის კორექციის უნარი გააჩნიათ, თუმცა საჭიროა დამატებითი კვლევები უმაღლეს ორგანიზმებში აღნიშნული ნაერთების მოქმედების მექანიზმის, ეფექტურობისა და თერაპიული გამოყენების ფორმულირებისთვის.


მიმაგრებული ფაილები:

Study of Superoxide Dismutase and Catalase Activity in a Rat Model of Liver Pathology Induced by High-Fat Diet and Streptozotocin [en]
ვირთაგვის ღვიძლში სუპეროქსიდდისმუტაზისა და კატალაზის აქტივობის შესწავლა მაღალცხიმოვანი დიეტითა და სტრეპტოზოტოცინით გამოწვეული პათოლოგიის ექსპერიმენტულ მოდელში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com