ავტორიზაცია

Pseudomonas aeruginosa-ს კლინიკური შტამების ანტიბიოტიკო და ფაგომგრძნობელობის განსაზღვრა
ავტორი: ნატო ზარდიაშვილისაკვანძო სიტყვები: ბაქტერიოფაგები, ფაგოთერაპია, ანტიბიოტიკორეზისტენტობა
ანოტაცია:
Pseudomonas aeruginosa არის Pseudomonas გვარის წარმომადგენელი. აღნიშნული გვარი აერთიანებს 20-ზე მეტ სახეობას. მათ შორის ზოგიერთი ნიადაგის ბუნებრივი ბინადარია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნივთიერებათა წრებრუნვაში, ზოგიერთი კი ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების პათოლოგიების მიზეზია. [1] P. aeruginosa მულტირეზისტენტული, ოპორტუნისტული პათოგენია. მიკრობით გამოწვეული ინფექციები ასოცირდება ოტიტტან, კონიუქტივიტთან, ჭრილობების ინფექციებთან, პნეუმონიასთან, სეპტიკურ ართრიტთან, ფიბროზულ ცისტიტთან და სხვა. ხშირად ითესება წყლიდან და სადეზინფექციო სითხეებიდან, გაიზარდა მისი როლი ნეონატალური ინფექციების ეთიოლოგიაში. აღნიშნული მიკრობით გამოწვეულმა ინფექციებმა ასევე დაიკავა ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ნოზოკომიალურ და ოპორტუნისტულ დაავადებათა შორის ონკოლოგიურ, დამწვრობის, და სხვა იმუნოდეფიციტურ პაციენტებში. იმუნოდეფიციტის და სიმსივნის მქონე პაციენტებში იწვევს სიკვდილიანობას მაღალი პროცენტული მაჩვენებლით. უკანასკნელის ერთ-ერთი მიზეზი P. aeruginosa-ს ვირულენტური შტამებით ნაწლავის ეპითელიალური ქსოვილის კოლონოზაცია და ბიოფილმების წარმოქმნის უნარია (Marshall et al., 1993; Alverdy et al., 200). პათოგენით გამოწვეული ინფექციები ასევე ასოცირდება მცენარეების და ცხოველების დაავადებებთან. P. aeruginosa აყველაზე გავრცელებული ბაქტერიაა ფიბროზულ ცისტიტის მქონე პაციენტებში. სასუნთქ გზებში მოხვედრის შემდეგ, ადვილად ხდება მისი ფილტვებში კოლონიზაცია, რაც იწვევს ქრონიკულ ინფექციას (პნევმონია), ფილტვის ფუნქციის დაქვეითებას რასაც ხშირ შემთხვევაში ლეტალური შედეგი მოჰყვება. სათანადო ანტიბიოტიკებით ხანგრძლივმა და აგრესიულმა მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს გრძელვადიანი ინფექციის განვითარება. ამიტომ მნიშვნელოვანია ფსევდომონას დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობის ჩატარება. P. aeruginosa-ს ფართო გავრცელებას, გარემოს სხვადასხვა არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებისადმი მათი მდგრადობა და მრავალი სამკურნალო პრეპარატებისადმი რეზისტენტულობა განაპირობებს. ანტიბიოტიკო - რეზისტენტული ბაქტერიული შტამების გავრცელება საგრძნობ სირთულეებს წარმოქმნის ინფექციური პროცესების მკურნალობაში. აქედან გამომდინარე ფაგური პრეპარატების გამოყენება ანტიბიოტიკო - რეზისტენტული P. aeruginosa -თი გამომწვეული ინფექციების წინააღმდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წარმოდგენილი შრომის მიზანი იყო P. aeruginosa-ს კლინიკური შტამების ანტიბიოტიკო და ფაგომგრძნობელობის განსაზღვრა.