ka | en
TSU

Staphylococcus aureus-ის მიმართ აქტიური ახალი ფაგის დახასიათება

ავტორი: ანნა იარაჯული
საკვანძო სიტყვები: Staphylococcus aureus, ბაქტერიოფაგები, ფაგოთერაპია
ანოტაცია:

მსოფლიოში ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ბაქტერიები ფართოდაა გავრცელებული და მათი რიცხვი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ძირითადად დაკავშირებულია ანტიბიოტიკების არამიზნობრივ გამოყენებასთან. რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები თანამედროვე მსოფლიოს დიდი ზიანს აყენებს, ისინი ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს. ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ რეზისტენტულ პათოგენს წარმოადგენს სწორედ Staphylococcus aureus, რომელიც გრამ-დადებითი სფერული ფორმის ბაქტერიაა და იწვევს კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციებს, სასუნთქი გზების ინფექციებს, ენდოკარდიტს, ოსტეომიელიტს, ტოქსიკური შოკის სინდრომს, კვებით გამოწვეულ ინტოქსიკაციას და ა.შ. S. aureus გაერთიანებულია მრავლობით რეზისტენტული ბაქტერიების ჯგუფში - „ESKAPE“(Enterococcus faecium, Staphylococcus aureus, Klebsiella pneumoniae, Acinetobacter baumannii, Pseudomonas aeruginosa, Enterobacteriaceae), ამიტომაც, ის ერთ-ერთი იმ პათოგენთაგანია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა და, შესაბამისად, მკურნალობის ეფექტური საშუალებების მოძიება უპირატესია. მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებად დღესდღეობით აქტიურად განიხილება ბაქტერიოფაგები. ისინი არიან ვირუსების ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჯგუფი ცოცხალ სამყაროში. ფაგები არიან ბაქტერიების ვირუსები და მრავალი უპირატესობა გააჩნიათ ანტიბიოტიკებთან შედარებით. პირველ რიგში, მათ ახასიათებთ სპეციფიკურობა სამიზნე ბაქტერიის მიმართ. ამავდროულად, მარტივია მათი სხვადასხვა გარემოდან გამოყოფა და მათზე მუშაობა. ბაქტერიოფაგებით მკურნალობისას არ აღინიშნება გვერდითი ეფექტები და სხვა. აქედან გამომდინარე, ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა Staphylococcus aureus ბაქტერიების მიმართ აქტიური ახალი ფაგის დახასიათება და მისი შედარება კომერციული სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგის პრეპარატში შემავალ აქტიურ, კარგად დახასიათებულ ბაქტერიოფაგთან. კვლევაში გამოყენებული S. aureus-ის მიმართ აქტიური ფაგი (vB_Sa S13) გამოყოფილი იქნა შავი ზღვის წყლიდან. შევაფასეთ ახალი ფაგის გენომის ზომა, მოვახდინეთ დნმ-ის რესტრიქციული ანალიზი, განვსაზღვრეთ მორფოლოგია და მოქმედების დიაპაზონი. საბოლოოდ კი შევადარეთ Sb-1 ფაგს, რომელიც კარგად დახასიათებულია და აქტიურად გამოიყენება მკურნალობისთვის. კვლევებით დადგინდა, რომ vB_Sa S13 ფაგი მიეკუთვნება Siphoviridae მორფოლოგიურ ჯგუფს, ხასიათდება ვიწრო ლიზისური სპექტრით (საერთო ჯამში შემოწმებული 71 შტამიდან მხოლოდ შვიდზე მოქმედებს), აქვს საკმაოდ მცირე ზომის გენომი. vB_Sa S13 ფაგი მორფოლოგიური და ბიოლოგიური მახასიათებლების მიხედვით განსხვავდება Sb-1 ფაგისაგან. მიღებული შედეგების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ რომ, vB_Sa S13 ფაგს აქვს პოტენციალი, გამოყენებული იქნეს პერსონალიზებულ თერაპიაში (აუტოფაგის სახით), რადგან იგი ახდენს ისეთი ბაქტერიული უჯრედების ლიზისს რომლის მიმართაც ფართო სპექტრის მქონე Sb-1 ფაგი არ არის აქტიური.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com