ავტორიზაცია

ენტეროკოკის სახეობების კლინიკური იზოლატების მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების გარემოდან გამოყოფა და დახასიათება
ავტორი: თეონა ხელაძესაკვანძო სიტყვები: ენტეროკოკები, ვანკომიცინ-რეზისტენტული E. faecium, ბაქტერიოფაგები, ფაგოთერაპია
ანოტაცია:
ენტეროკოკების გვარი ნოზოკომიური ინფექციების გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მათ საავადმყოფოს გარემოსთან შეგუებაში რთულ პირობებთან გამკლავების უნარი ეხმარებათ. ტოლერანტობას ავლენენ ისეთი ხშირად გამოყენებადი ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა ბეტა-ლაქტამები და ამინოგლიკოზიდები; ადვილად იძენენ რეზისტენტობას სხვა ანტიმიკრობული აგენტების მიმართ, როგორიცა გლიკოპეპტიდი ვანკომიცინი. ვანკომიცინ-რეზისტენტული Enterococcus faecium-ით ინფიცირებული პაციენტის განკურნება ძალიან რთული და ზოგჯერ შეუძლებელიცაა. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად მიმდინარეობს კვლევები ახალი ანტიბიოტიკების აღმოჩენისა და სინთეზისთვის, არსებობს საფრთხე, რომ გარკვეული დროის შემდეგ ახალი ანტიმიკრობული აგენტების მიმართაც განავითარებენ ბაქტერიები რეზისტენტობას. შესაბამისად, მიზანშეწონილია, დაიხვეწოს მკურნალობის ისეთი ალტერნატიული მეთოდები, როგორიცაა ბაქტერიოფაგებით (ფაგებით) მკურნალობა ანუ ფაგოთერაპია. კვლევის მიზანი იყო ენტეროკოკების კლინიკური იზოლატების მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების გარემოდან გამოყოფა და დახასიათება. ჩვენ მიერ გამოკვლეული ცხრამეტივე კლინიკური იზოლატი მიეკუთვნება გვარს Enterococcus, რაც დადასტურდა გრამის წესით შეღებვით, ბაილ ეკულინისა და კატალაზას ტესტებით. მანიტოლის მარილიან აგარზე დათესვამ აჩვენა, რომ 68% E. faecalis-ია, ხოლო 32% - E. faecium. დისკ-დიფუზიის მეთოდით გაირკვა, რომ ყველა შტამი რეზისტენტულია ამპიცილინის მიმართ; E. faecium 10 და E. faecalis 61 მდგრადობას ავლენენ რამდენიმე კლასის ანტიბიოტიკის მიმართ, ამიტომ ისინი მრავლობით რეზისტენტულ შტამებად განიხილებიან. შესწავლილი შტამების 84% (16/19) წარმოქმნის ბიოფილმებს; განსაკუთრებით მძლავრი ბიოფილმწარმომქმნელი შტამებია: E. faecalis 9, E. faecium 10, E. faecium 71, E. faecalis 86 და E. faecalis 90. ენტეროკოკების მიმართ მტკვრისა და თეთრი ტბის წყლის სინჯებიდან გამდიდრების მეთოდით გამოიყო 2 ბაქტერიოფაგი: φ1 და φ6. ელექტრონული მიკროსკოპიით დადგინდა, რომ ისინი Siphoviridae მორფოლოგიურ ჯგუფს წარმოადგენენ. მათი მოქმედების სპექტრი მცირედ განსხვავდება, თუმცა გაცილებით სტაბილური მოქმედება ახასიათებს ფაგს φ1. ამასთან, ფაგი φ1 აქტიურია მრავლობით რეზისტენტული შტამის (E. faecium 10) მიმართ. ორივე ბაქტერიოფაგი, φ1 და φ6, სტაბილურია 4℃-55℃ ტემპერატურულ დიაპაზონში 1.5 სთ ინკუბაციის განმავლობაში. ამავე პერიოდში ორივე ფაგის ტიტრი საგრძნობლად მცირდება 65℃-ზე და ნულს უტოლდება 70℃-ზე. ორივე ფაგისთვის საუკეთესო პირობები pH7 და სუსტი ტუტე გარემოა. როგორც ტემპერატურის, ასევე pH-ის ცვლილებებისადმი შედარებით გამძლეა φ6. მიუხედავად მორფოლოგიური მსგავსებისა გარემოდან გამოყოფილი და შესწავლილი ფაგები φ1 და φ6 ინდივიდუალურ თვისებებს ავლენენ როგორც ენტეროკოკური შტამების მიმართ აქტივობის, ასევე გარემო ფაქტორებისადმი მდგრადობის თვალსაზრისით. შემდგომი კვლევა მოითხოვს ფენოტიპური განსხვავების გენეტიკურ დონეზე გამყარებას.