ka | en
TSU

ვირულენტური ბაქტერიოფაგების შერჩევა Ralstonia Solanacearum-ით გამოწვეული მცენარეთა ბაქტერიოზების ბიოლოგიური კონტროლისთვის

ავტორი: ანა ნიკოლეიშვილი
ანოტაცია:

Ralstonia solanacearum-ი მსოფლიოში ყველაზე საშიშ ფიტოპათოგენებს შორისაა, იგი იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს, წამყვანი კულტურების ინფიცირებას, როგორიცაა კარტოფილი, პომიდორი, ბანანი და სხვა. მისი გამძლეობა ნიადაგსა და წყალში, გენეტიკურ ცვალებადობასთან ერთად, ართულებს კონტროლს ისეთი მეთოდების გამოყენებისას, როგორიცაა ანტიბიოტიკები და ქიმიური პესტიციდები. ამიტომ, ბაქტერიასთან საბრძოლველად, ძალზედ მნიშვნელოვანია ეფექტური და გარემოსთვის უსაფრთხო კონტროლის მეთოდის შემუშავება სოფლის მეურნეობაში. წარმოდგენილი კვლევის ძირითადი მიზანია Ralstonia solanacearum-ის მიმართ სპეციფიკური ფაგების დეტალური დახასიათება და მათი პოტენციალის შეფასება, მცენარეთა ბაქტერიოზების ბიოლოგიური კონტროლისთვის. ჩვენს ხელთ არსებული Ralstonia solanacearum-ის 40 იზოლატი გადამოწმდა ძირითად ბიოქიმიურ მახასიათებლებზე. რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ყველა იზოლატი ბიოქიმიური მახასიათებლებით მსგავსი იყო R. solanacearum-ის ტიპიური შტამის. შემდეგ უკვე შევაფასეთ 10 სხვადასხვა ანტიბიოტიკის მიმართ მგრძნობელობა. დადგინდა, რომ R. solanacearum-ის შტამების რეზისტენტობა მაღალი იყო ამ ანტიბიოტიკების მიმართ კერძოდ: ცეფაზოლინი 100%, ამპიცილინი 97.5%, პოლიმიქსინ 97.5 %, გენტამიცინი 95 %, კანამიცინი92.5%, სტრეპტომიცინი 92.5%. ამ მონაცემებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ აუცილებელია ბაქტერიებთან საბრძოლველად გამოყენებული იქნას უფრო ეფექტური საშუალება. ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით შევისწავლეთ R. solanacearum-ის მიმართ სპეციფიკური 7 ბაქტერიოფაგის ვირიონის მორფოლოგია. კვლევაში გამოყენებული ფაგები მიეკუთვნება Myoviridae და Podoviridae ჯგუფს. შემდგომი კვლევის მიზანი იყო R.solanacearum-ის მიმართ სპეციფიკური ბაქტრიოფაგების ლიზისური აქტივობის შეფასება, რის შედეგადაც დავადგინეთ, რომ 31 შტამი 40-დან ლიზირდებოდა ბაქტერიოფაგების ერთობლიობით (7 ბაქტერიოფაგით). რესტრიქციული პროფილის შედარებამ საშუალება მოგვცა გვემსჯელა საკვლევი ფაგების გენეტიკურ მრავალფეროვნებაზე. კერძოდ გამოიყო ხუთი სხვადასხვა ტიპის ფაგი. ამ შედეგებზე დაყრდნობით შეირჩა 3 (R.s 3-1; R.s 6-3; R.s 4) R. solanacearum-ის მიმართ სპეციფიკური ბაქტერიოფაგი შემდგომი კვლევისთვის. შევისწავლეთ ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების ზეგავლენა შერჩეულ ფაგებზე, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ეს ფაგები ხასიათდებიან მდგრადობით მაღალი ტემპერატურის და სხვადასხვა pH- ის პირობებში. ასევე შერჩეული ფაგები თხიერ არეში სტაბილურობას ინარჩუნებდნენ 24 საათი შემდეგ 10(-1 ხარისხად), 10(-2 ხარისხად), 10(-3 ხარისხად) განზავებაში. მიღებული შედეგებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შერჩეული R. solanacearum-ის მიმართ სპეციფიკური სამივე ფაგის, ფართო ლიზისური სპექტრი, ხანგრძლივი ლიზისური სტაბილობა თხიერ საკვებ არეში, ფიზიკო-ქიმიური ფაქტორებისადმი მდგრადობა, აკმაყოფილებს ბიოლოგიური კონტროლისთვის გამოსაყენებელ ბაქტერიოფაგებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.


მიმაგრებული ფაილები:

ვირულენტური ბაქტერიოფაგების შერჩევა Ralstonia Solanacearum-ით გამოწვეული მცენარეთა ბაქტერიოზების ბიოლოგიური კონტროლისთვის [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com