ავტორიზაცია

ენანტიომერების მიგრაციის რიგის მართვა კაპილარულ ელექტროფორეზში და მისი გავლენა მეთოდის ანალიზურ მახასიათებლებზე
ავტორი: მარიამ მერაბიშვილიანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენდა კაპილარული ელექტროფორეზის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება ენანტიოსელექტიური მოლეკულათშორისი ურთიერთქმედებების შესასწავლად და ამ მიზნით ქირალური სელექტორების, ციკლოდექსტრინების გამოყენება. ციკლოდექსტრინებს ვიყენებთ ქირალურ სელექტორებად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო, მათი სტრუქტურა საკმაოდ კარგადაა შესწავლილი, ულტრაიისფერ უბანში ახასიათებთ გამჭვირვალობა, აქვთ გამოკვეთილი ბმრ სიგნალები, რაც გვეხმარება წარმოქმნილი კომპლექსის სტრუქტურის შესწავლაში. ციკლოდექსტრინები გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, მაგალითად ანალიზური ქიმია, ფიზიკური ქიმია, ორგანული ქიმია, სუპერმოლეკულური ქიმია და ფარმაცევტული ინდუსტრია. ზოგადად ციკლოდექსტრინები წყალში ხსნადობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება, ასევე გემოსა და სუნის შენიღბვისთვს და ჰიდროფობური პრეპარატების ფორმულასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. კვლევაში გამოვიყენეთ კაპილარული ელექტროფორეზი, რათა შეგვესწავლა ენანტიოსელექტიური კომპლექსის ფორმების მექანიზმები ციკლოდექსტრინსა და საკვლევ ნივთიერებას შორის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კაპილარული ელექტროფორეზი ძალიან მგრძნობიარე მეთოდია სუსტი ენანტიოსელექტიური ეფექტების დასანახად. კაპილარული ელექტროფორეზის გამოყენებამ საშუალება მოგვცა დაგვენახა ენანტიოსელექტიური მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების პროცესის ასპექტები. კაპილარული ელექტროფორეზი ნარევთა დაყოფის ელექტროკინეტიკური მეთოდია, რომელიც გამოიყენება ქირალური ნივთიერებების დასაყოფად. ის არა მარტო მძლავრ ტექნიკას წარმოადგენს ენანტიომერული ნარევების ანალიზური დაყოფის მიზნით, არამედ საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ (ენანტიოსელექტიური) მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების ისეთი ნატიფი მექანიზმები, რომელთა შესწავლა სხვა მეთოდებით შეუძლებელია. შეგვიძლია მასთან ერთად გამოვიყენოთ სხვა ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებიც: რენტგენოსტრუქტურული ანალიზი, ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპია, მას სპექტრომეტრია და მოლეკულური მოდელირება. დაყოფის სხვა მეთოდებს თუ შევადარებთ, მაგალითად სითხურ და გაზურ ქრომატოგრაფიებს, მას გააჩნია ბევრი უპირატესობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანს წარმოადგენს თეორიული თეფშების მაღალი რიცხვი და მონო ფაზის არსებობა, ეს საშუალებას იძლევა მარტივად რეგულირდებოდეს მიგრაციის რიგი, მეთოდი მცირე დროში დამუშავდეს, გაიზარდოს სელექტიურობა, დავინახოთ ისეთი (ენანტიო) სელექტიური ეფექტები, რომელთა დანახვა სხვა მეთოდებით შეუძლებელია და ა.შ.. უპირატესობას ასევე წარმოადგენს ეკონომიურობა და ამ მეთოდის ეკოლოგიურობა, ვინაიდან არ მოითხოვს სახიფათო ორგანულ გამხსნელებს. კაპილარული ელექტროფორეზის კიდევ ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს უკიდურესად მაღალი პიკური ეფექტურობა. ეს იძლევა შესაძლებლობას დაყოფას მივაღწიოთ მაშინაც კი, როცა სელექტივობა არის 1.01-ის ტოლი.
მიმაგრებული ფაილები:
ენანტიომერების მიგრაციის რიგის მართვა კაპილარულ ელექტროფორეზში და მისი გავლენა მეთოდის ანალიზურ მახასიათებლებზე [ka]