ka | en
TSU

არილპროპიონის მჟავას ზოგიერთი ქირალური ნაწარმის ენანტიომერების დაყოფის თავისებურებები სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: მარიამ შანიძე
ანოტაცია:

ენანტიომერებმა შეიძლება გამოავლინოს განსხვავებული ბიოაქტივობა, ფარმაკოლოგიური და ტოქსიკოლოგიური მოქმედება. ამიტომ მათი სინთეზისა და ანალიზის მნიშვნელობა მეცნიერების მრავალ დარგში სულ უფრო იზრდება. სამ ათწლეულზე მეტია ქრომატოგრაფიული მეთოდები, და განსაკუთრებით მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, ფართოდ გამოიყენება ენანტიომერების დაყოფისთვის. ენანტიომერების დაყოფაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტემპერატურა. ტემპერატურამ შეიძლება პირდაპირ იმოქმედოს დაყოფის თერმოდინამიკურ და კინეტიკურ პროცესებზე. ჩვენი კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა ტემპერატურის გავლენა ენანტიომერული ნარევების დაყოფაზე პოლისაქარიდების ბაზაზე მომზადებულ ქირალურ სტაციონარულ ფაზებზე და ასევე იმ ეფექტების მექანიზმების აღწერა, რომლებიც გამოწვეულია ტემპერატურის ცვლილებით. ექსპერიმენტებისთვის შეირჩა არილპროპიონის მჟავას ნაწარმები, კერძოდ იბუპროფენი, კეტოპროფენი, ფენოპროფენი და ფლურბიპროფენი, რომლებიც არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებია. გამოვიყენეთ ცელულოზა ტრის (3,5-დიმეთილფენილკარბამატის), ცელულოზა ტრის (3-ქლორ-4-მეთლფენილკარბამატისა) და ცელულოზა ტრის (4-ქლორ-3-მეთილფენილკარბამატის) სილიკაგელზე დაფენით მომზადებული ქირალური სტაციონარული ფაზები, ასევე დაფენილი და კოვალენტურად იმობილიზებული ამილოზა ტრის (3,5-დიმეთილფენილკარბამატი). ანალიზები ჩატარდა 5-65°C და 5-75°C ტემპერატურულ დიაპაზონში (5°C ინტერვალით) და ჰექსანი/ეთანოლი (სხვადასხვა მოცულობითი თანაფარდობით) ნარევების გამოყენებით. გაანალიზებული ნივთიერების შეკავების ფაქტორის ნატურალური ლოგარითმის დამოკიდებულების გრაფიკის მიხედვით აბსოლუტური ტემპერატურის შებრუნებულ სიდიდეზე, გამოვთვალეთ ენანტიომერების ადსორბციის ენთალპიისა და ენტროპიის მნიშვნელობები ორივე ენანტიომერისთვის და მათი სხვაობები. შევისწავლეთ ენტროპიულ თუ ენთალპიურ ხასიათს ატარებს მოცემულ სვეტებზე ენანტიომერების დაყოფა და როგორია ტემპერატურის გავლენა შეკავებისა და დაყოფის პროცესებზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com