ka | en
TSU

Achromobacter xylosoxidans ბაქტერიული შტამები და მათ მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგის დახასიათება

ავტორი: მარიამი ყურაშიძე
ანოტაცია:

Achromobacter გვარის ბაქტერიები წარმოადგენენ მძიმე ინფექციური დაავადებების გამომწვევ იშვიათ პათოგენებს, რომლებიც რთულად ექვემდებარებიან მკურნალობას ანტიბიოტიკების ფართო სპექტრის მიმართ რეზისტენტობის გამო. ამასთან, მათი იდენტიფიცირება ხშირად არასწორად ან დაგვიანებით ხდება. დიაგნოსტიკას ართულებს ბაქტერიის საპროფიტული ბუნებაც. A. xylosoxydans ბაქტერიების მიერ გამოწვეული დაავადებების კლინიკური მახასიათებლებისა და ოპტიმალური თერაპიული მიდგომის შემუშავების მიზნით კვლევები წლების განმავლობაში მიმდინარეობს და კვლავაც აქტუალურ თემად რჩება. მსოფლიოში ანტიბიოტიკების უკონტროლო და ხშირმა გამოყენებამ გამოიწვია მათ მიმართ რეზისტენტულ მიკრობთა რაოდენობის ზრდა. გაჩნდა ინტერესი შექმნილიყო პათოგენური ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების კონტროლის და მკურნალობის განსხვავებული საშუალებები. მათ შორისაა ფაგოთერაპია, როგორც ანტიბიოტიკოთერაპიის ალტერნატივა. ფაგები (ბაქტერიოფაგები) ვირუსების ყველაზე დიდი ჯგუფია და მათი მისიაა სამიზნე ბაქტერიული უჯრედის განადგურება. ვირულენტური ბაქტერიოფაგების, როგორც ანტიმიკრობულo აგენტებს მიმართ ინტერესი მზარდია მათი პოტენციური გამოყენების გამო ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ბაქტერიული ინფექციების დიაგნოსტიკა, თერაპია და ბიოკონტროლი. ფაგების თერაპიული გამოყენების წინაპირობაა მათი მრავალმხრივი დახასიათება. კვლევის მიზანს წარმოადგენდა Achromobacter xylosoxidans ბაქტერიული შტამების და მათ მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგის დახასიათება. გამოყენებულია გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის კოლექციაში დაცული 17 Achromobacter xylosoxidans შტამი და სპეციფიკური ბაქტერიოფაგი. სამუშაოს შესრულებისას დასახული გვქონდა შემდეგი კონკრეტული ამოცანები: ბაქტერიული შტამების მგრძნობელობის განსაზღვრა ანტიბიოტიკების და ბაქტერიოფაგების მოქმედების მიმართ; შტამების გენოტიპირება; საკვლევი ბაქტერიოფაგის ანტიბაქტერიული აქტივობის, ანუ ლიზისური სპექტრის შესწავლა; შერჩეული ფაგის სუფთა ხაზს მიღება და უჯრედშიდა გამრავლების ციკლის მახასიათებლების დადგენა; ფაგით ინფიცირებული ბაქტერიების პოპულაციაში ფაგორეზისტენტული მუტანტური ფორმების წარმოქმნის სიხშირის განსაზღვრა; ბაქტერიოფაგის დნმ-ის ექსტრაქცია და რესტრიქციული ანალიზი; ბაქტერიოფაგის გენომის ზომის განსაზღვრა და ინტაქტური ვირიონის მორფოლოგიის ელექტრონულ - მიკროსკოპული კვლევა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com