ავტორიზაცია

ორექსინის ეფექტები ეპილეფსიის In Vivo და In Vitro მოდელებზე
ავტორი: ცირა კაპანაძესაკვანძო სიტყვები: ეპილეფსია, ორექსინი, ჰიპოკამპი
ანოტაცია:
ეპილეფსია არის დაავადება, რომელსაც ნეირონების ჭარბი სინქრონული განმუხტვების შედეგად ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) განმეორებითი, ეპიზოდური და დროებითი დისფუნქცია. ნერვული სისტემის მთავარ ამაგზნებელ გლუტამატსა და მთავარ შემაკავებელ გამა-ამინო ერბოს მჟავას (GABA) დონეს შორის ცვლილებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების აგზნებადობის ბალანსში(Akyuz et al., 2021). ეპილეფსიურ ქსელში ნეირონთა არანორმალური ელექტრული აქტივობა სწორედ ამ ორ ტრანსმიტერს შორის დარღვეულ ბალანსთან არის ასოცირებული(Staley, 2015). ეპილეფტიფორმული განმუხტვების in vitro და in vivo პრეკლინიკური მოდელების სერიამ აჩვენა, რომ ბალანსის ამაგზნებელი ტრანსმისიის სასარგებლოდ დარღვევა, იწვევს არანორმალური განმუხტვების პროვოცირებას(Akyuz et al., 2021). კვლევებით ნაჩვენებია გარდა გლუტამატისა და გაემისა არაერთი სხვა ნეირომედიატორის/ნეიროტრანსმიტერის მონაწილეობა ეპილეფსიის პათოგენეზში, მათ შორის აცეტილქოლინის, ნორადრენალინის, დოფამინის და სხვა(Akyuz et al., 2021). შესწავლილია ნეიროპეპტიდ ორექსინის მოდულატორული ეფექტი ჰიპოკამპის გლუტამატერგულ, გაემერგულ და ნორადრენერგულ ტრანსმისიებზე და შესამაბისად ჰიპოკამპთან ასოცირებულ ფუნქციებზე - ხანგრძლივ ნეიროპლასტიკურობაზე, დასწავლასა და მეხსიერებაზე(Selbach et al., 2004a; Yang et al., 2013). ეპილეფტოგენეზში ორექსინის როლზე კი ლიტერატურაში არაერთგვაროვანი მონაცემებია, ნაჩვენებია მისი, როგორც ანტიეპილეფსიური(Doreulee et al., 2009; Rejdak et al., 2009; Doreulee et al., 2010; Zhao et al., 2014) ისე პროეპილეფსიური (Erken et al., 2012; Kortunay, Erken, Erken, Genç, Şahiner, et al., 2012; Roundtree et al., 2016a) ეფექტები. ლიტერატურაში არსებული ურთიერთსაპირისპირო მონაცემები გახდა აღნიშნული კვლევის საფუძველი, შეგვეფასებინა/გადაგვეფასებინა ორექსინის როლი ეპილეფსიის პათოგენეზში. კვლევის მიზანი იყო In vivo და In vitro ელექტროფიზიოლოგიური ექსპერიმენტებში, შეგვეფასებინა ორექსინის ეფექტები ინტრაჰიპოკამპური ელექტრული სტიმულაციით ინიცირებული ეპილეფტიფორმული განმუხტვების დროს. მიღებული შედეგების თანახმად, ორექსინი-A ჰიპოკამპის ანათლებში ამცირებს პოპულაციური სპაიკების მრავალჯერადი განმუხტვების ხანგრძლივობას/ამპლიტუდას და აკავებს ბიკუკულინის მეთიოდიდით გამოწვეულ სპონტანურ ეპილეფტიფორმულ განმუხტვებს. ორექსინ-A-ს ეფექტის ანალიზმა ჰიპოკამპის CA-3 ველში პაჩკური ნეირონების სპონტანურ აქტივობაზე აჩვენა, რომ ორექსინ-A ახდენს ამ ნეირონების განმუხტვების სიხშირის მოდულირებას. კერძოდ ზრდის ჩუმი ნეირონების აქტივობას ხოლო მაღალი სიხშირის ნეირონების აქტივობას - ამცირებს. In vivo ექსპერიმენტში ორექსინის (1ნმ) ინტრაცერებროვენტრიკულური ინექცია და ქერქული აპლიკაცია არ იწვევს ჰიპოკამპში ელექტრული სტიმულაციით გამოწვეული ეპილეპტიფორმული განმუხტვების ხანგრძლივობის ცვლილებას, თუმცა ამცირებს გარკვეული ამპლიტუდის განმუხტვათა რაოდენობასა და სპონტანურად აღმოცენებულ ეპილეფტურ აქტივობას. ჩვენი აქსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით იკვეთება ორექსინერგული სისტემის შესაძლო ანტიეპილეფსიური ეფექტი.