ka | en
TSU

ფაგებზე დაფუძნებული ეკოლოგიურად უსაფრთხო სტრატეგია მტკნარი წყლის თევზის კულტივირებად სახეობებში ბაქტერიული ინფექციების კონტროლისათვის

ავტორი: სოფიკო სტურუა
თანაავტორები: სოფიკო სტურუა
საკვანძო სიტყვები: აქვაკულტურა, ბაქტერიოფაგები
ანოტაცია:

ბოლო ათწლეულების განმავლობაში აკვაკულტურის ინდუსტრია მნიშვნელოვნად ფართოვდება მთელს მსოფლიოში. 2018 წელს თევზის მთლიანმა წარმოებამ, ვაჭრობამ და მოხმარებამ მიაღწია ყველა დროის რეკორდს, რაც 114,5 მილიონ ტონას უტოლდება ცოცხალი მასით.[1] აკვაკულტურა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი სექტორია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მათ შორის საქართველოში. კალმახი ყველაზე გავრცელებული თევზია საქართველოში და შეადგენს თევზის მთლიანი წარმოების 61%-ს [2]. მსოფლიოში და ასევე საქართველოში აკვაკულტურის განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ბაქტერიული ინფექციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თევზის მასიური სიკვდილი და შესაბამისად, დიდი ფინანსური ზარალი. მცდელობები, რომ დავიცვათ თევზსაშენი მეურნეობები დაავადებებისგან, მნიშვნელოვანია როგორც თევზებისთვის ასევე მეთევზეებისთვის. ინფექციების წარმოქმნასთან და გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას თევზის გამოჩეკვის და ლარვური პერიოდის განვითარების პროცესში, ასევე ახლადგამოჩეკილი თევზის აუზებში, სადაც სიკვდილიანობა ჩვეულებრივ მნიშვნელოვნად მაღალია ზრდასრულ თევზებთან შედარებით. მტკნარი წყლის თევზის ბაქტერიოზი ბუნებრივ გარემოში, ისევე როგორც თევზის მეურნეობებში, ძირითადად გამოწვეულია Aeromonas-ის რიგი სახეობებით [3]. Aeromonas hydrophila გრამუარყოფითი, ბაცილები, ფაკულტატური-ანაერობი ბაქტერია, მტკნარი და მლაშე წყლების ბუნებრივი ბინადარია. A. hydrophila ხშირად იწვევს ისეთი დაავადების გავრცელებას ველურ და მტკნარი წყლის კულტივირებად თევზებში, როგორიცაა სეპტიცემია და წყლულოვანი ინფექციები [4]. ბოლო დროინდელმა კვლევებმა აჩვენა მულტირეზისტენტული (MDR) A. hydrophila-ს გამოყოფა დაავადებული თევზიდან და წყლის სისტემებიდან მთელ მსოფლიოში. სხვადასხვა ანტიმიკრობული საშუალებები - ქიმიკატები, საღებავები და ანტიბიოტიკები გამოიყენება აკვაკულტურაში დაავადებული თევზების სამკურნალოდ, ასევე ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისთვის. ანტიბიოტიკების გამოყენება თევზის ბაქტერიოზის, მათ შორის აერომონას ინფექციების გასაკონტროლებლად, ჯერ კიდევ ყველაზე ფართოდ გამოყენებული მიდგომაა, რომელიც უზრუნველყოფს ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებას. აკვაკულტურებში, ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საშიშროება, მოიცავს ანტიმიკრობული რეზისტენტული (AMR) ბაქტერიებისა და რეზისტენტობის გენების გავრცელებას, ისევე როგორც ანტიმიკრობული ნარჩენების არსებობას აკვაკულტურის პროდუქტებში და გარემოში [5,6]. წყლის ბაქტერიებს შორის წამლისადმი მზარდ რეზისტენტობას და ანტიბიოტიკების არასასურველ ეფექტებს, მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ თევზის დაავადებების პროფილაქტიკისთვის ანტიბიოტიკების გამოყენება არ უნდა იყოს პირველადი მკურნალობის ვარიანტი თევზსაშენ მეურნეობაში. დაავადებების ბიოლოგიური კონტროლი, მათ შორის ფაგოთერაპია და პროფილაქტიკა, ამჟამად განიხილება, როგორც საუკეთესო მიდგომა აკვაკულტურისთვის [14,15].



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com