ka | en
TSU

„L-არგინინის როლი დეპრესიული ვირთაგვების ანტიოქსიდანტური სისტემის ფუნქციონირებაში“

ავტორი: თემური მანთაშაშვილი
საკვანძო სიტყვები: დეპრესია, L-არგინინი, კორტიკოსტერონი, ჰიპოკამპი, ანტიოქსიდანტური ფერმენტები, NO
ანოტაცია:

შესწავლილია დიეტური L-არგინინის გავლენა კორტიკოსტერონის შეყვანით გამოწვევულ დეპრესიულ მდგომარეობაზე ლაბორატორიული თეთრი მამრობითი სქესის ვირთაგვების ზოგიერთ ფიზიოლოგიურ მაჩვენებელსა და ანტიოქსიდანტურ სისტემაზე. ნაჩვენები იქნა, რომ L-არგინინის ყოველდღიური მიღება 14 დღის განმავლობაში დოზით 150 მგ/კგ მნიშვნელოვნად ამცირებდა კორტიკოსტერონის შეყვანით გამოწვეული დეპრესიის ნიშნებს, კერძოდ შეინიშნებოდა დეპრესიით გმოწვეული კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესება და ასევე ადგილი ჰქონდა დეპრესიის შედეგად შემცირებული სეროტონინისა და დოფამინის რაოდენობის გაზრდას თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქისა და ჰიპოკამპის უჯრედებში. ცვლილებები შეინიშნება ასევე იძულებითი ცურვის ტესტის შემთხვევაშიც, კერძოდ არგინინის შეყვანის პირობებში ადგილი აქვს დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. იმისათვის რომ გაგვერკვია დიეტური L-არგინინის ანტიდეპრესანტული ეფექტის მექანიზმი თავის ტვინში, შესწავლილი იქნა აზოტის ოქსიდისა (NO) და ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების, კერძოდ მალონის დიალდეჰიდის რადენობრივი ცვლილებები. დეპრესიის შედეგად აღნიშნული ნაერთების გაზრდილი რაოდენობა L-არგინინის მიღებისას სარწმუნოდაა დაკლებული. ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტებისა და NO-ს შემცირების პარალელურად L-არგინინის მიღების შედეგად ასევე შეინიშნება ისეთი ანტიოქსიდანტური სისტემის ფერმენტების ზრდა, როგორიცაა მიტოქონდრიული სუპეროქსიდდისმუტაზა (SOD) და კატალაზა, რომელთა აქტივობის შემცირება აღინიშნება დეპრესიული ინდივიდების თავის ტვინის უჯრედებში. აღნიშნული ფერმენტების კინეტიკური პარამეტრების (Vmax, Km) შესწავლამ აჩვენა, რომ L-არგინინი ზრდის მხოლოდ მაქსიმალურ სიჩქარეს იმ პირობებში, როცა მათი თვისობა სუბსტრატისადმი რჩება უცვლელი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, კორტიკოსტერონის შეყვანით გამოწვეული დეპრესიისას L-არგინინის გამააქტივებელი ეფექტი ანტიოქსიდანტური სისტემის ფერმენტების აქტივობაზე გამოწვეული არ არის მათი სტრუქტურული ცვლილებებით, არამედ მათი სინთეზის ინტენსივობის გაძლიერებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com